გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში შეშფოთებას გამოხატავს და ამბობს, რომ ჰამასის შესახებ მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს.
"შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით... თითქოს, ჰამასის ტერორისტულ ქმედებებს ვამართლებდი. სიცრუეა, ეს პირიქით იყო. ვფიქრობ, აუცილებელია, თავიდანვე სწორად აღინიშნოს, განსაკუთრებით, მსხვერპლებისა და მათი ოჯახების პატივისცემის მიზნით", - თქვა მან.
გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ჰამასის თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან". მან სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელ ხალხს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ვერ გაამართლებს ჰამასის შემზარავ თავდასხმებს, ასევე, ეს თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის "კოლექტიურად დასჯას".
ამის საპასუხოდ, გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა და თქვა, რომ მისი განცხადების გამო, ისრაელი უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე.